saqarTvelos mdinareebi - fiCori
ტერიტორიული ერთეულები | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
სათავე | გურიის სერი 42°06`12` ჩ. გ. 42°12`02` ა. გ. |
შესართავი | პალიასტომის ტბა 42°08`09` ჩ. გ. 41°45`10` ა. გ. |
სიგრძე | 57 კმ |
შესართავი | 406 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 8,2 მ³/წმ |
მდინარე დასავლეთ საქართველოში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. მიედინება კოლხეთის აკუმულაციურ დაბლობზე. სიგრძე 57 კმ, აუზის ფართობი 406 კმ². სათავე აქვს გურიის სერის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 245 მ სიმაღლეზე. ერთვის პალიასტომის ტბას აღმოსავლეთ მხრიდან. საზრდოობს ძირითადად წვიმის წყლით, უმნიშვნელოდ მიწისქვეშა და თოვლის წყლით. ახასიათებს წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნები. საშუალო წლიური ხარჯი 8,2 მ³/წმ.
1934 წლამდე, რკინიგზის ხაზის ქვემოთ, მდინარე ფიჩორი გაედინებოდა სუსტად გამოხატულ კალაპოტში, რომელსაც ნაპირებიც კი არ გააჩნდა. ამიტომ, ყოველი წყალმოვარდნის პერიოდში იგი ტბორავდა მიმდებარე ტერიტორიის დიდ ფართობებს. 1934 წელს, კოლხეთის დაბლობის დაშრობისა და ათვისების პროგრამის ფარგლებში, „კოლხიდმშენის“ მიერ განხორციელდა მდინარის კალაპოტის გასწორხზოვნება და შემოზვინვა 22 კმ-ის მანძილზე. პალიასტომის ტბიდან 17 კმ-ის სიგრძეზე მდინარის კალაპოტი დატოვებულია ბუნებრივ პირობებში.
მდინარეს ერთვის რამდენიმე უმნიშვნელო შენაკადი, რომელთა შორის ყველაზე დიდია სკურდა. წელიწადის მცირე ნალექიან პერიოდში მდინარეში წყლის ნაკადი გაჩერებულია, წყალი იღებს მომწვანო ფერს ჭაობის დამახასიათებელი სუნით. მდინარის ნაკადის ქანობი 0,0001-0,0003 არ აღემატება. მდინარეში წყლის დონეების რყევა დამოკიდებულია მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობაზე. მისი წყალშემკრები აუზის ფართობი საპროექტო გაზსადენით გადასასვლელის კვეთში ტოლია 95 კმ²-ის.